Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი: „ვაგნერი“ არ გააფორმებს კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან


კადრი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამაარსებლის, ევგენი პრგოჟინის (ცენტრში) ერთ-ერთი ვიდეომიმართვიდან. ვიდეო 2023 წ. 25 მაისს გამოქვეყნდა.
კადრი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამაარსებლის, ევგენი პრგოჟინის (ცენტრში) ერთ-ერთი ვიდეომიმართვიდან. ვიდეო 2023 წ. 25 მაისს გამოქვეყნდა.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ გააფორმებს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ამის შესახებ „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ყველა მოხალისეთა ფორმირებებს უბრძანა, 1 ივლისამდე გააფორმონ კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან. ეს ნაბიჯი, უწყების თანახმად, „შექმნის ერთიან მიდგომებს ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ორგანიზებისა და მათ მიერ ამოცანების შესრულების მიმართ“.

თავდაცვის სამინისტრო თავის განცხადებებში მოხალისეებს უწოდებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა საიერიშო რაზმებს.

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა მოხალისეების თაობაზე ბრძანების კომენტირებისას თქვა, რომ მისი ქვედანაყოფები არავითარ კონტრაქტებს არ გააფორმებენ. ბიზნესმენის თქმით, შოიგუს განკარგულებები ვრცელდება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე. „‘ვაგნერი’ ორგანულად არის ჩაშენებული საერთო სისტემაში, ‘ვაგნერი’ თავის მოქმედებებს ათანხმებს გენერლებთან მარჯვნივ, მარცხნივ, ქვედანაყოფების მეთაურებთან, აქვს უდიდესი გამოცდილება და არის ძალიან ეფექტიანი სტრუქტურა“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ „შოიგუ ნორმალურად ვერ მართავს სამხედრო ფორმირებებს“.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. კომპანიის მებრძოლებს ბრალს სდებენ მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში.

შარშან ზაფხულში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ განცდილი რამდენიმე სამხედრო მარცხის შემდეგ, „ვაგნერმა“ დაიწყო თავის რიგებში პატიმართა გაწვევა და ომში გაგზავნა. ამ პროცესის შედეგად „ვაგნერში“ ათიათასობით მებრძოლი გაიწვიეს.

ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი დაადანაშაულა საბრძოლო მასალის ნაკლებობაში, „რუსეთის მიწის“ დათმობაში და პირობა დადო, რომ მანამდე იქნება დაკავებული მათი საქმეების გარკვევით, სანამ „ამ პერსონაჟებს პასუხს აგებინებენ“. თავდაცვის სამინისტრო მსგავს განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG