რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს გამოაცხადა, რომ მოსკოვი 7 ნოემბერს დატოვებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას.
სამინისტრო განცხადებაში ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ხელშეკრულების მონაწილე ყველა ქვეყანას.
სამინისტრო დასძენს, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ და შვედეთის გეგმამ, ალიანსს შეუერთდეს, "მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროპის ჩრდილოეთში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების უსაფრთხო და სტაბილური ბალანსი და იყო ბოლო წვეთი, რომელმაც რუსეთისთვის აუცილებელი გახადა ხელშეკრულებიდან გასვლა".
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში მოაწერეს ხელი ნატოს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა. დოკუმენტი განახლდა 1999 წელს, მაგრამ რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ოთხი მონაწილის - რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის - მიერ. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.