ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი იწყება. საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას.
ტრამპის ადვოკატმა ჯიმ ტრასტიმ ტელეკომპანია CNN-ს დაუდასტურა, რომ 7-პუნქტიანი ბრალდება მომდინარეობს კანონიდან შპიონაჟის შესახებ და ეხება შეთქმულებას, ცრუ განცხადებებს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას.
დონალდ ტრამპი 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს მაიამის სასამართლოში, სადაც ბრალდებას ოფიციალურად წარუდგენენ. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები წერენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს ბრალს ფედერალური პროკურატურა წაუყენებს.
ადვოკატმა შპიონაჟის კანონის საფუძველზე ტრამპის დადანაშაულებას სასაცილო უწოდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა გრძელდება.
2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლორიდაში, დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილია საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც მის განკარგულებაში აღარ უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.
- მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა, მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი.
- 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.