Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სასამართლომ გაათავისუფლა


ტელეკომპანია „სიენენის“ თანახმად, ნიუ-იორკის მოსამართლემ გაათავისუფლა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც უკვე დატოვა სასამართლო შენობა.

მანამდე დონალდ ტრამპს თითების ანაბეჭდები აუღეს და წაუყენეს 34- პუნქტიანი ბრალდება, რომელიც მან არ აღიარა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 აპრილს ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში მივიდა.
სასამართლოში მისვლისთანავე, ტრამპი დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს. დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ტრამპისთვის ბრალდების წაყენების შესახებ ცნობა 30 მარტს გავრცელდა. გამოძიების ეპიზოდი ეხება 2016 წელს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდას, რის სანაცვლოდაც მას, სავარაუდოდ, არ უნდა გაემხილა, რომ 2006 წელს ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა.

ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას უწოდა პოლიტიკური დევნა და არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა. გამოძიების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის იურისტებმა სტორმი დენიელსს ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ გადაუხადეს 130 ათასი დოლარი, რომელიც იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ეს ფაქტი 2018 წელს აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა.

დენიელსი ტრამპთან რომანს ადასტურებს, ტრამპი კი - უარყოფს. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

XS
SM
MD
LG