Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორან "რეტროს“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა


ბათუმის საქალაქო სასამართლომ რესტორან "რეტროს“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. თეიმურაზ ვარშანიძეს 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება აეკრძალა.

"რეტროს" მფლობელი ხმამაღალი ტონის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს რომ დამნაშავე არ არის.

გუშინ, 5 ივნისს, სახაჭაპურეში შრომის ინსპექციაც შევიდა. რესტორანი 30 000 ლარით დააჯარიმეს და სამზარეულოს მუშაობა შეაჩერეს. ამ ფაქტის შემდეგ რეტრო 15-მა თანამშრომელმა დატოვა.

პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.

დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახული იყო რესტორნის მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეო დაახლოებით 3-წუთიანია, იგი სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ამავდროულად, ადვოკატი ლევან მახარაშვილი, რომელიც მიმტანის ცემისთვის დაკავებული თემურ ვარშანიძის ინტერესებს იცავს, რესტორან „რეტროს“ თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG