Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ომის დანაშაული უწოდა კახოვკის ჰესზე თავდასხმას


კახოვკის ჰესის დანგრევის შედეგად ხერსონში ნაწილობრივ დატბორილი უბანი. 2023 წლის 6 ივნისი
კახოვკის ჰესის დანგრევის შედეგად ხერსონში ნაწილობრივ დატბორილი უბანი. 2023 წლის 6 ივნისი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ომის დანაშაულად შეაფასა კახოვკის ჰესზე თავდასხმა და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

მიშელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ შოკირებულია ჰესზე უპრეცედენტო შეტევით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ცალსახად ომის დანაშაულია და რუსეთს და მის მიერ კონტროლირებულ პირებს პასუხს მოსთხოვენ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კახოვკის ჰესის დანგრევა საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს.

სტოლტენბერგი ტვიტერზე წერს, რომ ეს აღმაშფოთებელი აქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინაში რუსეთის ომის სისასტიკეს.

ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, დღეს დილით გაავრცელა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ. ჰესი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კახოვკის ჰესის დანგრევა უკრაინის შეიარაღებული ძალების წუხანდელმა შეტევამ გამოიწვია.

ჰესის ნგრევის შედეგად წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე ნაწილიდან. სახიფათო ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG