Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია რუსეთის შიშით ხსნის კახოვკის ჰესის აფეთქებას


ფოტო არქივიდან. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები კახოვკის ჰესთან
ფოტო არქივიდან. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები კახოვკის ჰესთან

უკრაინის არმია მისდამი შიშით გამოწვეულ ქმედებად აფასებს რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული განცხადების მიხედვით, თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევები ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს პროფესიონალი სამხედროებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ამიტომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ქმნის ნგრევის და ადამიანთა იძულებითი ევაკუაციის გამომწვევ სამრეწველო და ტექნოგენურ კატასტროფებს.

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ის უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საშუალებით და მოწინააღმდეგის მიერ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ვერაგულად შექმნა ვერ შეაჩერებს თავდაცვის ძალებს, რომლებიც მზად არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

თავის მხრივ, რუსეთი კახოვკის ჰესის დანგრევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

ინფორმაცია ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის აფეთქების შესახებ დღეს დილით გავრცელდა. ჰესი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ჰესის ნგრევის შედეგად წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე ნაწილიდან. სახიფათო ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG