Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებს, რომ ბელგოროდში დაიწყო ოპერაციის მეორე ფაზა


„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ თანახმად, ამ ფოტოზე არიან ბელგოროდის ოლქში 23 მაისს მყოფი მისი მებრძოლები
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ თანახმად, ამ ფოტოზე არიან ბელგოროდის ოლქში 23 მაისს მყოფი მისი მებრძოლები

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც ცოტა ხნის წინ „კონტრტერორისტული ოპერაციის“ ზონად იყო გამოცხადებული, ისევ საბრძოლო მოქმედებებია. უკრაინის მხარდამჭერი დაჯგუფების, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ტელეგრამ-არხზე დღეს, 1 ივნისს, გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ორი შეიარაღებული პირი. ერთი მათგანი ამბობს, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ისევ აწარმოებს ბრძოლას რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტ შებეკინოსთან.

ვიდეოჩანაწერს თან ახლავს ტექსტი იმის შესახებ, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურის მიერ დაპირებული მეორე ფაზა დაიწყო და პუტინის არმია ისევ ურტყამს უკვე არა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, არამედ რუსულ სოფლებს.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართავს, რომ ის არ ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი უარყოფს, რომ მოწინააღმდეგემ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია. გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შებეკინოს ოლქს უკრაინის ტერიტორიიდან ესვრიან შეიარაღებული ძალების სამხედროები. გუბერნატორის თანახმად, დაჭრილია 8 ადამიანი.

გლადკოვი აცხადებს, რომ ადგილზე იმყოფებიან რუსეთის არმიის სამხედროები, ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები და უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები. გუბერნატორი აღიარებს, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

  • 22 მაისს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს.
  • კიევმა უარყო ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან უკრაინის თავდაცვის ძალების კავშირი.
  • ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.
  • 23 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "განადგურებულად" გამოაცხადა ჯგუფები, რომლებმაც უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში შეაღწიეს. გაუქმდა "კონტრტერორისტული ოპერაციის" რეჟიმი.
  • 23 მაისს, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ რუსულმა არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა მოხალისე პატრიოტებს, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს და არ შეუშინდნენ მოსკოვის რეჟიმთან ღია დაპირისპირებას და კიდევ ერთხელ დაინგრა მითი რუსეთის ძლიერების და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ.
XS
SM
MD
LG