ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ტვიტერის ანგარიშზე დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილს დაუდასტურა საერთო ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა.
„ევროპული ღირებულებები ჩქეფს ქართველი ხალხის ძარღვებში. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლისადმი. კონკრეტული პროგრესი საკვანძო პრიორიტეტების შესახებ არის გადამწყვეტი ევროკავშირის ოჯახისკენ მიმავალ თქვენს გზაზე", - დაწერა შარლ მიშელმა.
სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის ევროპულ გზაზე. პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება.
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.
13-წლიანი პაუზისა და აპრილში ერთხელ უკვე გადადებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს სიტყვით მიმართავს.
ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად 18 აპრილისთვის ემზადებოდნენ და ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში გაირკვა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში აღარ ჩავიდოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, პრეზიდენტმა ზეპირი თანხმობა „ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში“ მიიღო, რასაც 13 აპრილს მოჰყვა „წერილობითი თანხმობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „დაზუსტებულ წერილზე“. შუალედში, მთელი ამ კვირების განმავლობაში, მთავრობის ინფორმაციით, „მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება“.
31 მარტს, პარლამენტში მორიგი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტის სიტყვა „ქართული ოცნების“ მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო. სწორედ ამიტომ, ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტის დაგეგმვისას მართლაც შეექმნა ხელოვნური ბარიერი, რათა მწვავე კრიტიკა ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არ გაემეორებინა.