Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული Red Wings-ი ნებართვის მიუხედავად, საქართველოში ფრენებს ჯერ არ იწყებს


ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებებით ფრენის ნებართვა აქვს, საქართველოში ავიამიმოსვლას ჯერ არ იწყებს.

Red Wings-ის ვებსაიტზე საქართველოს მიმართულებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას კომპანიის ცხელ ხაზზე ვერ დაუსახელეს ფრენის დაწყების ზუსტი თარიღი.

თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ში კი განაცხადეს, რომ საქართველოში რეისებს მხოლოდ რუსული კომპანია „აზიმუტი“ ასრულებს, სოჭი-თბილისის 2 ივნისის რეისი განრიგში კი ჯერჯერობით არ ფიგურირებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Red Wings-ი მრავალჯერად ჩარტერულ რეისს სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით 2 ივნისიდან კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) შეასრულებს, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მარშრუტზე კი 2 ივნისიდან ასევე კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) იფრენს.

რადიო თავისუფლებამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა, პასუხის დაბრუნების შემთხვევაში, მათგან მიღებული ინფორმაცია მასალაში აისახება.

მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ Red Wings-ის მიმართულებების სიაშია "აფხაზეთი", მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით ფრენები არ ხორციელდება. სიაშია, კერძოდ, გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და სოხუმი, ბაბუშარა.

"აფხაზეთი" Red wings-ის მიმართულებათა ჩამონათვალში
"აფხაზეთი" Red wings-ის მიმართულებათა ჩამონათვალში

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG