საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელსაც მონაწილეობს კატარის ეკონომიკურ ფორუმში. ძირითადი კითხვები, რომლებიც მას პანელის მოდერატორმა დაუსვა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა.
ამ ფორუმზე ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ ორმხრივი სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველო დაზარალდება:
"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ საკუთარ ხალხს, თუ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. კარგად იცით, 2008 წელს გვქონდა ომი - გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქციები ჩვენი ომის დროს?! არა, არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი და ადეკვატური რეაქცია. ჩემი კითხვაა - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არაა ომი და უკრაინაში ომი ომია?"
ამ საკითხზე მას დაუსვეს დამაზუსტებელი კითხვა - სანქციების არდაწესების პირობებში, საქართველო უქმნის თუ არა ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს? სწორედ ამ ნაწილში ისაუბრა პრემიერმა "მეორე ფრონტზე", რასაც ქართულ მედიასთან ხშირად ახსენებენ ხოლმე ისიც და მისი თანაგუნდელებიც.
"უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი - დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა: სამოქალაქო და მერე 2008 წელს რუსეთთან. პატარა ერი, 4-მილიონიანი მოსახლეობით, პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან", - ასე უპასუხა მან მოდერატორს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ ფორუმზე წამოიჭრა, საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არის ვაჭრობის შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამასთან დაკავშირებით, მოდერატორი დაინტერესდა, ფრენების აღდგენით ხომ არ აღიზიანებს საქართველო ქვეყნის მეგობრებს. მოდერატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება გაახსენა.
"უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან - ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ საკითხზე მოდერატორმა კიდევ ერთი დამაზუსტებელი კითხვა დასვა - "თქვენ რუსეთის ნარატივზე არ ხართ? ეს ურთიერთობები, მარტო ფრენების ნაწილში რომ ვთქვათ..."
"არ ვიტყოდი ასე. ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები", - უპასუხა მას ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 22 მაისს გაემგზავრა. ის შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრსა და ემირს.