Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად


ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" განცხადებას აქვეყნებს. ექსპრეზიდენტი წერს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

„იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა „თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ „ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება.

მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ „გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას.

ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.

მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას!

ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის სახელით ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ განცხადებაში.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველსავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

XS
SM
MD
LG