Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს - ზურაბიშვილი თავისი გამოსვლის დროს შეძახილზე


სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე
სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს რეპლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე ისმოდა მისი სიტყვით მიმართვის დროს. მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის შეძახილზე.

"არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს... [შევხვედრილვარ] და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონია", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ პოლიტიკოსი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მიმართვის დროს უკმაყოფილება შეძახილით გამოხატა, თვითონ იყო.

"სიტყვა "მოღალატე" არ თქმულა... შეიძლება ვიღაცამ თქვა ეგეთი, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია... მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ მითქვამს", - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

"მე ვთქვი, 9 აპრილს მე ვიბრძოდი-მეთქი [...] როცა გაბრალებენ, რუსეთის იმეებად გამოგვიყვანა, უნდა იცოდეს, ვის მიმართოს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილისთვისაც.

"პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა მის გზავნილებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვერც გავიზიარებ, ვერც დავეთანხმები იქედან გამომდინარე, რომ არ მაქვს სურვილი ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ინსტიტუტად", - უთხრა ჟურნალისტებს მაკა ბოჭორიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს".

პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ დროს, როცა ქართულმა საზოგადოებამ "მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება", ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და "დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია - არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია".

დღეს 105 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან - 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღისთვის თბილისში საზეიმოდაა მორთული რუსთაველის გამზირი. ღონისძიებები იმართება სხვა 15 ქალაქშიც.

XS
SM
MD
LG