Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩარლზ III საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

"მინდა მხურვალე მილოცვა გავუგზავნო თქვენს აღმატებულებას და საქართველოს ხალხს თქვენი ქვეყნისათვის ამ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ. ველი, რომ გაგრძელდება გულთბილი მეგობრობა და მყარი პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ამ რთულ პერიოდში". - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მეფის მისალოც ტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

XS
SM
MD
LG