უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თავისი და უკრაინელი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ის სალომე ზურაბიშვილს მტკიცე ჯანმრთელობას და სახელმწიფო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს, ქართველ ხალხს კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას. მილოცვის ტექსტს საქართველოში უკრაინის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„თქვენო აღმატებულებავ! უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი, მტაცებლური, შეიარაღებული აგრესიის პირობებში.
ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხები მოახდენენ თავიანთი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.
ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მისალოც ტექსტში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.