საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სამშობლოში ჩამოასვენებენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, მის მოადგილედ კი, ალექსანდრე ლომთათიძე. იმის გამო, რომ კარლო ჩხეიძე პარიზში იმყოფებოდა, სიტყვა ალექსანდრე ლომთათიძემ წარმოთქვა:
„ჩვენ გვინდა აზია დავტოვოთ, ევროპის საერთო ხალხთა ოჯახში შევიდეთ და, ჩვენი ძალით და სხვისი დახმარებითაც, თუ ეს დახმარება ვისმესგან გვეღირსება, გავხდეთ სწორუფლებიანი წევრი ევროპიულ ხალხებთან, ევროპიულ დემოკრატიათა და მათ სახელმწიფოთა საერთო ოჯახისა. ჩვენ გვინდა, რომ ეს გაიგოს ყველამ და გაუწიოს მას ანგარიში“.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ალექსანდრე ლომთათიძე ემიგრაციაში არ წასულა. ის 1921 წელს დააკავეს და გადაასახლეს. 1924 წელს უზბეკეთში, ტაშკენტის ციხეში გარდაიცვალა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნეშტს დაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 28 მაისს, 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ალექსანდრე ლომთათიძეს პატივით დაკრძალავენ დიდუბის სასაფლაოზე, შვილის გვერდით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 25 მაისს განაცხადა, რომ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდებიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი.