Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხური მედიის ცნობით, ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები დაიწყო


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

სომხური საინფორმაციო სააგენტო "არმენპრესის" ინფორმაციით, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვები დაიწყო.

"არმენპრესთან" საუბარში გადამზიდავი კომპანია C&M INTERNATIONAL-ის დირექტორი დავიდ ილოიანი ამბობს, რომ რუსეთიდან ლარსის გავლით სომხეთში ტვირთების გადაზიდვის ალტერნატივას დიდი ხანია ეძებდნენ, მიმდინარე წლის აპრილიდან კი გადაზიდვები ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით დაიწყეს. საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვას კომპანია სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ახორციელებს.

ჩვენს გემს 350 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია. 18 აპრილს პირველი წარმატებული გადაზიდვა განვახორციელეთ, ვგეგმავთ ერთ რეგულარულ, ყოველკვირეულ რეისს ნოვოროსიისკი-ბათუმის და უკუ მიმართულებით. მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ შევძლებთ გადაზიდვების რაოდენობის 2-4 -ჯერ გაზრდას. ახლა ყველაზე მთავარია, განვახორციელოთ რეგულარული, სტაბილური გადაზიდვები კვირაში ერთხელ“, - ამბობს დავიდ ილოიანი.

საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებია. რადიო თავისუფლებამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე უწყებას დაქვემდებარებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომენტარისთვის მიმართა. მათგან მიღებული პასუხის შესაბამისად მასალა განახლდება *

მანამდე სომხეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მალე რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ. საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის კავკაზის პორტთან დამაკავშირებელ საბორნე გადასასვლელზე.

გასული წლის ნოემბერში, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მისი სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ აქვთ პასუხი, რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე.

აგვისტოში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურაა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც მხოლოდ ის იყო განმარტებული, რომ საქართველოს სატრანზიტო კორიდორის გადატვირთულობის გამო, სომხეთს მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვისას შეფერხება ექმნება. ამიტომ „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს“.

განცხადებაში ასევე ეწერა, რომ ვინაიდან სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობს, რასაც საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს.

აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველომ დაასრულა კონსულტაციები სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით.

განახლება:

მოგვიანებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, განცხადება გაავრცელა და სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სინამდვილესთან შეუსაბამო“ და „ინტერპრეტირებულს“ უწოდა.

XS
SM
MD
LG