Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ უკრაინას კიდევ 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ჰიროსიმა, 21 მაისი, 2023.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ჰიროსიმა, 21 მაისი, 2023.

შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას კიდევ 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰიროსიმაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. მათი საუბარი „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის კულუარებში შედგა.

დახმარების პაკეტი ძირითადად მოიცავს არტილერიას და საბრძოლო მასალას, მათ შორის HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე სამხედრო აღჭურვილობას. გარდა ამისა, იგი მოიცავს უკრაინელი სამხედროების მომზადებას.

შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს მეომარი უკრაინის დასახმარებლად. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობისკენ“ სწრაფვის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი „განხილვას არ ექვემდებარება“.

თეთრი სახლის ცნობაში ნათქვამია, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მზადყოფნას, დაეხმაროს კიევს გრძელვადიანი პირობების შექმნაში რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ამ მიზნით ბაიდენმა განიხილა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა უკრაინელ მფრინავებს შეასწავლონ მეოთხე თაობის ისეთი გამანადგურებლების მართვა, როგორიცაა F-16, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ასევე კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში განიხილა კიევის ძალისხმევა რუსეთთან ომში. ზელენსკი და იუნ სოკ იოლი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა, რომ მან თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის ჰუმანიტარული და არალეტალური დახმარებისთვის, კერძოდ, ნაღმებისგან გასაწმენდი აღჭურვილობის მიწოდებისთვის. უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ შეხვედრაზე მან სეულთან შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მანამდე, იაპონიაში სამიტის პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი, სხვათა შორის, შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. მან ასევე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მოლაპარაკებები გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. ინდოეთი, ისევე როგორც მრავალი სხვა დიდი არადასავლური ქვეყანა, ომის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.

XS
SM
MD
LG