თბილისში, პარლამენტის შენობის უკან, აქცია მიმდინარეობს ორი მოთხოვნით - აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
აქციის მონაწილის, იურისტ კახა წიქარიშვილის თქმით, „ფრენების აღდგენა ეს არის ლახვარი უკრაინელების ზურგში, ეს არის ევროპისგან დაშორება და არის რუსეთთან დაახლოება".
პარტია „ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოსახლეობას აქვს ნათლად ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მეტი რუსი საქართველოში. არ უნდა თუნდაც პირდაპირი ფენები თბილისსა და მოსკოვს შორის. მარტივი გამოსავალია ამ ყველაფრიდან - უარი ეთქვას რუსეთს პირდაპირ ფრენებზე".
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ 14 მაისს პეტიცია გავრცელდა, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. სააგენტომ ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას დღეს, 15 მაისს, მისცა. მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი შესრულდება 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ.
2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.