Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს“ - პეტიციას ხელს აწერს უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი


ქართული თვითმფრინავი რუსეთის დროშის ფონზე, საილუსტრაციო ფოტო
ქართული თვითმფრინავი რუსეთის დროშის ფონზე, საილუსტრაციო ფოტო

უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“, - პეტიციას ამ მოთხოვნით უკვე 3000-მდე მოქალაქე აწერს ხელს.

პეტიციის თანახმად, იმ ფონზე, როცა:

  • რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება;
  • რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და ხოცავს მოსახლეობას;
  • რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი;
  • და მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას -

„საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.“

პეტიციის ავტორი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი წერს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას.

ამ პეტიციით მისი ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე;
  • უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე;
  • უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

XS
SM
MD
LG