საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიბერალიზმს ქვეყნის საფრთხედ აღიქვამს. მან ტელეკომპანია "იმედში" საუბრის დროს ეს საკითხი გენოფონდს დაუკავშირა და თქვა, რომ კონსერვატიულობის გარდა, "ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს".
"ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების.
თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა? რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო.
ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით, შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისით", - თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინ, 4 მაისს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. მან თქვა, რომ "მტრული ძალები" საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“. ღარიბაშვილმა დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“.
ამ გამოსვლის გამო საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტია "ქართული ოცნება" გააკრიტიკეს არა მხოლოდ ქვეყანაში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, არამედ ევროპარლამენტში იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი დამკვირვებელი წევრი თავად იყო.
სწორედ ამ მიზეზით "ქართულმა ოცნებამ" "ევროპელი სოციალისტების პარტიის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.