Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლონიაში მყოფი ნავალნი მე-15-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო საკანში


ნავალნის საკნის ასლი, რომელიც პარიზში დადგეს მისმა მომხრეებმა. 16 მარტი, 2023 წელი
ნავალნის საკნის ასლი, რომელიც პარიზში დადგეს მისმა მომხრეებმა. 16 მარტი, 2023 წელი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სასჯელს ვლადიმირის ოლქის დაბა მელეხოვოში მდებარე კოლონიაში იხდის, კვლავ სადამსჯელო საკანში მოათავსეს.

"გუშინ საღამოს 5 საათზე გამომიშვეს „შიზოდან“ (სადამსჯელო საკნიდან). დღეს დილის 9:30 საათიდან კვლავ „შიზოში“ ვარ. „მსჯავრდადებული ნავალნი არ ექვემდებარება აღმზრდელობით მუშაობას და არ აკეთებს შესაბამის დასკვნებს“. ამგვარად სადამსჯელო საკნებში ყოფნის ჩემი მრიცხველი 165-ე დღე-ღამეს გადასცილდა“, - ნათქვამია ნავალნის მიმართვაში.

პოლიტიკოსს მე-15-ჯერ აგზავნიან სადამსჯელო საკანში. წინა ჯერზე ის აპრილის ბოლოს გადაიყვანეს კარცერში მას შემდეგ, რაც იქ 15 დღე გაატარა.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა თქვა, რომ 2023 წლის 8 აპრილის ღამეს, სადამსჯელო საკნიდან გამოსვლის შემდეგ, კოლონიის საკანში ნავალნი მუცლის გამწვავებული დაავადების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო. ამ ხნის განმავლობაში, მისი თქმით, ნავალნიმ რვა კილოგრამი დაიკლო. 18 აპრილს კობზევმა განაცხადა, რომ კოლონიის თანამშრომლებმა მოაწყვეს "პროვოკაცია", გამოიყენეს ძალა ნავალნის წინააღმდეგ და მას ახალი საქმის აღძვრით დაემუქრნენ, დაწესებულების (კოლონიის) საქმიანობის დეზორგანიზაციის მუხლით.

2022 წლის ივნისში ნავალნი პოკროვის საერთო რეჟიმის კოლონიიდან მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს მელეხოვში. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას ნავალნი და მისი მომხრეები პოლიტიკურად მიიჩნევენ.

ალექსეი ნავალნი რუსეთში „ნოვიჩოკით“ მოწამვლისა და ბერლინში მკურნალობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. ის აეროპორტში სასაზღვრო გადასასვლელთან დააკავეს და დააპატიმრეს.

2022 წლის მარტში მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში და თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1,2 მილიონი რუბლი ჯარიმა დააკისრა.

2023 წლის მარტში პოლიტიკოსის მომხრეებმა სადამსჯელო იზოლატორის ასლი პარიზში, ლუვრთან, განათავსეს. მანამდე ის ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან იდგა. 2022 წლის აგვისტოდან ნავალნიმ ასეთ კამერაში ას დღეზე მეტი გაატარა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. 2023 წლის მარტში კანადელი რეჟისორის, დენიელ როერის მიერ გადაღებულმა ფილმმა "ნავალნი" "ოსკარი" მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.

XS
SM
MD
LG