Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო


ლაზარე გრიგორიადისი წინასასამართლო სხდომაზე. 1 მაისი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისი წინასასამართლო სხდომაზე. 1 მაისი, 2023 წელი

მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა, რომელიც დღეს, 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მხოლოდ სასამართლოში მისვლის შემდეგ გაიგეს, რომ სხდომა დღეს არ გაიმართებოდა, წინასწარი შეტყობინება ადვოკატებს სასამართლოსგან არ მიუღიათ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები ფიქრობენ, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყება შეაყოვნა მათმა მიმართვამ სააპელაციო სასამართლოსთვის - 5 მაისს მათ მოითხოვეს იმ მტკიცებულების დასაშვებად ცნობა, რაზეც უარი თქვა საქალაქო სასამართლომ 1 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე. საუბარია სახის ამომცნობი ექსპერტიზის დანიშვნაზე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, რომელსაც უნდა დაედგინა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცებულებად გამოყენებულ კადრებზე გამოსახული დემონსტრანტი ლაზარე გრიგორიადისია თუ არა. საქალაქო სასამართლომ ამგვარი ექსპერტიზის საჭიროება ვერ დაინახა. პიროვნების ვინაობის დამდგენი ექსპერტიზა არც პროკურატურას აქვს ჩატარებული. როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე ძირითადად მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე შეეცდება სასამართლოსთვის იმის დამტკიცებას, რომ კადრებზე ნამდვილად ლაზარე ჩანს.

"ჯერჯერობით [სააპელაციო სასამართლოში] გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ველოდებით. ამიტომ არ არის დღეს არსებითი განხილვის სხდომა დანიშნული.

ვერც მოსამართლე ვერ დაინიშნება, ვინაიდან ჯერ ოფიციალურად საქმე სასამართლოში არ არის, მოსამართლეს რომ დაეწეროს.

როდესაც ეს საკითხი აპელაციაში გადაწყდება, გადმოიგზავნება საქალაქო სასამართლოში. წინასასამართლო სხდომიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ინიშნება არსებითი განხილვის სხდომა. შესაბამისად, ვადა გადის. აქედან გამომდინარე, 2 დღის ვადაში მაინც უნდა დაინიშნოს არსებითი განხილვის სხდომა”, - ასე განმარტა გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის გადადების ფაქტი.

ლაზარეს მხარდასაჭერად სასამართლოსთან დღესაც შეიკრიბნენ მოქალაქეები
ლაზარეს მხარდასაჭერად სასამართლოსთან დღესაც შეიკრიბნენ მოქალაქეები

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.

XS
SM
MD
LG