თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც "ევროპის დღეებისთვის" მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი სიტყვით გამომსვლელი იყო, ამბობს, რომ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ახლა უკვე "დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს". მანვე ისაუბრა ევროკავშირის გამოწვევებზე.
"დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა, როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით", - თქვა კახა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი "მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა".
საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის "სიმბოლური".
"მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - თქვა ღარიბაშვილმა.
"ევროპის დღეებისთვის" მიძღვნილი ღონისძება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა.
"ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევრავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მოქმედების დროა", - თქვა მან.
დღეს, 6 მაისს, საქართველოში ევროპის დღეების აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება თბილისში, "ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეებში.