Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი - ღარიბაშვილი EU-ის დღეებზე


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სჯერა, ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამავდროულად, მან ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის "სიმბოლური".

"მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ეს ღონისძება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა.

"ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მოქმედების დროა", - თქვა მან.

დღეს, 6 მაისს, საქართველოში ევროპის დღეების აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება თბილისში, "ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეებში.

XS
SM
MD
LG