საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა.
"მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მერო, ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მოქმედების დროა.
იმედია, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გაეცნობით ჩვენი, ევროპის გუნდის და ჩვენი პარტნიორების საქმიანობის შედეგებს, ეწვევით ევროსოფელს, რომელიც ევროკავშირის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით. გილოცავთ ევროპის დღეს", - თქვა ევროკავშირის ელჩმა.
ამ მიმართვას უსმენდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა სტუმრები. ქართულ ენაზე მიმართვის დასრულებას დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდა.
დღეს, 6 მაისს, საქართველოში ევროპის დღეების აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება თბილისში, "ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეებში.