კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და სპონსორი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ "ვაგნერი" 10 მაისს დატოვებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. ის რუსეთის თავდაცვის მინისტრს და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართავს და აცხადებს, რომ „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. პრიგოჟინის სიტყვებით, 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1 მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს. „მათ ჰგონიათ, რომ ისტორიაში ისინი შევლენ გამარჯვებულებად, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშარებად“, - ამბობს პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ტელეგრამის არხზე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" პრესსამსახური ავრცელებს.
„ამიტომ, 2023 წლის 10 მაისს ჩვენ გავდივართ დასახლებულ პუნქტ ბახმუტიდან... დავბანაკდებით ზურგში და ამ ბანაკებში დავუცდით, როდის დავჭირდებით რუსეთის ხალხს. ვფიქრობ, ეს მალე მოხდება, იმიტომ რომ თქვენ იმის სამართავად არ გამოდგებით, რაზეც დაგნიშნეს“, - აცხადებს ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა მანამდე კიდევ ერთი ვიდეომიმართვა ჩაწერა „ვაგნერის“ ათეულობით დაღუპული სამხედროს ფონზე და მათ სიკვდილში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაადანაშაულა. ვიდეორგოლი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
„აი, ეს ბიჭები, რომლებიც დღეს დაიხოცნენ, სისხლიც ახალია“, - ამბობს პრიგოჟინი და ამატებს, რომ „ვაგნერს“ შეიარაღების 70%-იანი დეფიციტი აქვს და ნორმის მიხედვით მაინც რომ მიეწოდებინათ, მსხვერპლი ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა. „ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და იხოცებიან, რათა თქვენ ჩასუქდეთ თქვენს მაკაგონით მორთულ კაბინეტებში“, - ამბობს პრიგოჟინი, რომელიც არანორმატიული ლექსიკით მიმართავს შოიგუს და გერასიმოვს და ყველაფერთან ერთად, მათ „საქონლებად“ მოიხსენიებს.
მანამდე პრიგოჟინმა არაერთხელ განაცხადა საბრძოლო მასალის ნაკლებობის შესახებ. მისი თქმით, „ვაგნერს“, რომელიც რამდენიმე თვეა წარუმატებლად ცდილობდა უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას, შეიარაღების დეფიციტი აქვს. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ ამ ბრძოლებში რუსული არმია და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კარგავენ დღეში რამდენიმე ასეულ მებრძოლს, ზოგჯერ კი - ათასამდეც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ავრცელებს. არც თავად ევგენი პრიგოჟინი აკონკრეტებს დაღუპულთა რაოდენობას, მაგრამ ამბობს, რომ დანაკარგი "დიდია".
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" უკრაინაში გასული წლის 16 მარტიდან იბრძვის. მის შემადგენლობაში არიან შეწყალების სანაცვლოდ გადაბირებული პატიმრები. "ვაგნერის" მებრძოლებს უკრაინა ბრალს სდებს მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, რასაც არ აღიარებს ევგენი პრიგოჟინი.