Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 20-ზე მეტმა ქალაქმა გააუქმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმები


გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. მოსკოვი, 9 მაისი, 2022.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. მოსკოვი, 9 მაისი, 2022.

გამარჯვების დღის პატივსაცემი აღლუმები წელს რუსეთის 21 ქალაქში გაუქმდა, თუმცა შარშან ისინი ჩატარდა. უსაფრთხოების მიზეზების გამო სარატოვმა, ორიოლმა, კალუგამ, რიაზანმა, ლიპეცკმა, იელეცმა, გუსევმა და ტიუმენმა უარი თქვეს ღონისძიებაზე.

ფსკოვისა და ველიკიე ლუკის ხელისუფლებებმა აღლუმების გაუქმება ახსნეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებზე ზრუნვით. რეგიონის ხელმძღვანელის, მიხაილ ვედერნიკოვის თქმით, უკრაინაში შეჭრის მონაწილეები ამ ქალაქებში რეაბილიტაციისთვის ჩადიან და შესაძლოა ფეიერვერკი „აბსოლუტურად სხვანაირად“ აღიქვან. კურსკში აღლუმის გაუქმება „მიმდინარე სიტუაციით“ ახსნეს, ხოლო ბელგოროდში კი იმით, რომ „მტრის პროვოცირება არ მოახდინონ დიდი რაოდენობით ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის თავმოყრით“.

ბრაიანსკის, კრასნოდარისა და სოჭის ხელისუფლებებს არ აუხსნიათ, რატომ გაუქმდა სადღესასწაულო ღონისძიებები. ნიჟნევარტოვსკში, სურგუტსა და ხანტი-მანსიისკში აღლუმები გაუქმდა სხვა ქალაქებთან სოლიდარობის გამო.

ასევე, უსაფრთხოების მიზნით, აღლუმები გაუქმდა ანექსირებული ყირიმის ქალაქებში.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმი მოსკოვის წითელ მოედანზე ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ 3 მაისის ღამეს კრემლზე ორი დრონის თავდასხმის მცდელობა მოხდა, რაშიც რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. პესკოვის თქმით, აღლუმზე ტრიბუნიდან გამოვა სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ამასთან, კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის აკრძალვის ბრძანება გასცა.

სენატის სასახლის გუმბათზე დრონის თავდასხმის კომენტირებისას პესკოვმა ამაში კვლავ უკრაინა დაადანაშაულა და აშშ-ის პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა. პესკოვის თქმით, „მოსკოვი განიხილავს პასუხის მრავალფეროვან ვარიანტებს“, „ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ გააზრებულ და შესაბამის ნაბიჯებზე, რომლებიც აკმაყოფილებს ქვეყნის ინტერესებს“. ერთი დღით ადრე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ფიზიკური ლიკვიდაციის“ მოწოდებით. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ მონაწილეობს დრონებით თავდასხმაში.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონები - კურსკის, ბელგოროდის და ბრაიანსკის ოლქები - რეგულარულად არის იერიშების სამიზნე, არის ნგრევა და მსხვერპლი. რეგიონული ხელისუფლება ამტკიცებს, რომ თავდასხმები უკრაინის მხრიდან ხორციელდება. კიევი ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG