საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე იყვნენ "მთავარი არხის", "ფორმულის", "TV პირველის", "პუბლიკის", "ნეტგაზეთის", "ტაბულის" და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები.
"პრეზიდენტი თავის თამაშებშია გართული, მინდა, გარედან შეხედოს თავს - ძალიან სასაცილოდ და ტრაგიკულად გამოიყურება. მან ძალიან კარგად იცის, რამხელა დარტყმაა გვარამიას პატიმრობაში ყოფნა. მას არაფერს არ ვთხოვ, არც მოვითხოვ - პირველი დღიდან ვამბობ: თუ ის არ იწყალებს, სხვა ყველაფერი, რასაც აკეთებს, არის ფუჭი. ის ისეთივე [ირაკლი] ზარქუა და [ანრი] ოხანაშვილია [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები], როგორც ზარქუა და ოხანაშვილი", - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი.
"გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ - ჩემი აზრით, ის ელოდება ზუსტ დროს... დღევანდელი დღით ვახსენებთ, რომ ველოდებით ზუსტ დროს ამ ნაბიჯის გადასადგმელად", - თქვა აქციაზე მყოფმა რეგიონული მედიასაშუალებების გაერთიანების - "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" - ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი.
მარტის ბოლოს „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არავის მიმართ არ აქვს პიროვნული წყენა, მაგრამ დასძინა, რომ არავის აქვს უფლება, პრეზიდენტს მიუთითოს შეწყალებაზე.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.
- ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.