Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ФСБ აცხადებს, რომ გამოავლინა ტერაქტების ორგანიზების არხი, რომელიც საქართველოზეც გადიოდა


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობა მოსკოვში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობა მოსკოვში

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური(ФСБ) ირწმუნება, რომ გამოავლინა „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო არხი“, რომლის გამოყენებით, თურქეთის და საქართველოს გავლით, ბულგარეთიდან რუსეთში ჩადიოდა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელებად შენიღბული, „ბრიტანული წარმოების ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები“ ყირიმში „ტერაქტების მოსაწყობად“.

რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, ამ საქმიანობაში ჩართული იყვნენ უკრაინის, ბულგარეთის და რუსეთის მოქალაქეები.

უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ დღეს, 3 მაისს, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აღკვეთილია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს „აგენტურული ქსელის საქმიანობა“, რომელიც მიმართული იყო ყირიმში „რეზონანსული დივერსიულ-ტერორისტული აქტების ჩადენისკენ“.

რუსული უშიშროება ტერაქტების სამიზნედ ასახელებს ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურს, სერგეი აქსიონოვს, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ვლადიმირ კონსტანტინოვს და იალტის ე.წ. მერს, იანინა პავლენკოს. რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ტერაქტები მზადდებოდა ყირიმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზეც. ორგანიზატორად დასახელებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რომან მაშოვეცი.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია „ყირიმში მოქმედი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ღრმად კონსპირაციული აგენტურული ქსელის“ 7 წევრი, რომლებიც რუსეთის, უკრაინის და ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

უკრაინის სამხედრო დაზვერვას და პრეზიდენტის ოფისს რუსეთის უშიშროების სამსახურის დღევანდელ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონიათ.

XS
SM
MD
LG