Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორი ეწოდება


გაეროს გენერალურ ასამბლეაში კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას. 2022 წ. ოქტომბერი.
გაეროს გენერალურ ასამბლეაში კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას. 2022 წ. ოქტომბერი.

ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიმართ მკვეთრ ფორმულირებებს შეიცავს უკრაინაში მისი შეჭრის გამო. წარსულში ჩინეთის წარმომადგენლები თავს იკავებდნენ მსგავსი რეზოლუციის პროექტებზე კენჭისყრისას.

კენჭისყრა ჯერ კიდევ 26 აპრილს შედგა, თუმცა მედიამ და კომენტატორებმა მხოლოდ დღეს მიაქციეს ყურადღება რეზოლუციის ტექსტს და იმ ფაქტს, რომ ჩინეთი მის მხარდამჭერთა შორის იყო.

საერთო ჯამში, გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 122-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც. ჩინეთის გარდა, მას მხარი დაუჭირეს ასევე ქვეყნებმა, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, რუსეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილი. მათ შორის არიან ყაზახეთი და სომხეთი, ასევე ინდოეთი და ბრაზილია.

კერძოდ, დოკუმენტში საუბარია „უპრეცედენტო გამოწვევებზე“, რომლებიც ევროპის წინაშე დგას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის, მანამდე კი საქართველოს, წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ“. ის ასევე შეიცავს მოწოდებას აგრესიის მსხვერპლთათვის „ზარალის ანაზღაურების“ შესახებ. რუსეთი ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებმაც დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

უკრაინის ომი არ არის რეზოლუციის მთავარი საგანი, ამიტომ გაურკვეველია, არის თუ არა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიერ მის მხარდასაჭერად მიცემული ხმები იმის სიგნალი, რომ მათ უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალეს. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და აცხადებდა, რომ აუცილებელია მშვიდობის მიღწევა ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს კენჭისყრის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რეზოლუციის ტექსტის განხილვისას რუსეთის წარმომადგენელმა მოითხოვა დოკუმენტიდან რუსეთის დაგმობის პუნქტის ამოღება და დასავლეთის ქვეყნები რეზოლუციის „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულა.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მარტის ბოლოს ეწვია მოსკოვს. მან გამოაცხადა პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიში, რომ ჩინეთმა შესაძლოა დაიწყოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, მაგრამ მას შემდეგ არ შეინიშნება პეკინის პოზიციის რაიმე ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

XS
SM
MD
LG