Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის სტუმრობა უნგრეთში - ის უკრაინელ ლტოლვილებს, ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა


რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში ჩასვლისას, 28 აპრილი, 2023 წელი
რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში ჩასვლისას, 28 აპრილი, 2023 წელი

რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება უნგრეთში, ლტოლვილთათვის დახმარების საქმეში თავის გამოჩენისთვის შეაქო კათოლიკური ეკლესია უნგრეთში. პაპმა ბუდაპეშტში, ელისაბედის ტაძარში შეკრებილებს განუცხადა, რომ ეკლესიამ უკრაინელი ლტოლვილების შეფარებისას სულგრძელობა გამოავლინა.

პაპი 29 აპრილს, ეკლესიაში, შეხვდა უკრაინიდან ლტოლვილებს, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ვატიკანის მეთაურმა უნგრეთს მოუწოდა, გულმოწყალება გამოიჩინოს ყველას მიმართ.

პაპმა ბუდაპეშტში, ვატიკანის საელჩოში მიიღო უნგრეთის მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ილარიონი, რომელიც წლების განმავალობაში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იყო. შეხვედრამ, რომელმაც გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, 20 წუთს გასტანა. პაპმა არაერთხელ შესთავაზა უკრაინის ომის მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში შუამავლობა.

მანამდე, უნგრეთში ვიზიტისას, პაპმა უკრაინის ომზე ილაპარაკა და გამოაცხადა, რომ მშვიდობის დამყარებისთვის საჭიროა შემოქმედებითი ძალისხმევა, რომელიც მშვიდობისთვის შექმნილ საფრთხეს შეესაბამება. „დღეს მართლაც ბევრია ასეთი საფრთხე, მაგრამ ჩემს თავს ვეკითხები და ვფიქრობ სხვათა შორის უკრაინის ომზე, სად არის ეს მშვიდობისთვის შემოქმედებითი ძალისხმევა?“ - განაცხადა პაპმა უნგრეთში, რომელიც გამოირჩევა ევროკავშირში იმით, რომ არ უწევს სამხედრო დახმარებას უკრაინას და კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის პოლიტიკა ანტიმიგრანტულია და სრულიად განსხვავებულია პაპ ფრანცისკეს მიდგომისგან დევნილების მიმართ.

29 აპრილს ფრანცისკეს ახალგაზრდობასთან ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრა. მოელოდნენ, რომ პაპის ხილვას ათი ათასამდე ახალგაზრდა მოისურვებდა.

კვირას პაპი მესას გამართავს ღია ცის ქვეშ, ხოლო მოგვიანებით იეზუიტებთან აქვს კერძო შეხვედრა.

2013 წელს პაპის პოსტის დაკავების შემდეგ ეს არის ფრანცისკეს 41-ე ვიზიტი უცხოეთში, ხოლო გასულ თვეში ბრონქიტის გამო საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ, პირველი მოგზაურობა. ფრანცისკე 2021 წელს მხოლოდ მცირე ხნით ეწვია უნგრეთს, სადაც მოსახლეობის 39 პროცენტი კათოლიკეა. ის მეორე პაპია, რომელიც უნგრეთს სტუმრობს.

1991 და 1996 წლებში უნგრეთს ეწვია რომის მაშინდელი პაპი, იოანე პავლე II.

XS
SM
MD
LG