Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი უწოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციას, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთანაა გათანაბრებული.

ასამბლეამ 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია 27 აპრილს მიიღო სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი არსებითად დაეხმარება უკრაინის ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ გენოციდისთვის რუსეთის პრეზიდენტის და სხვა თანამდებობის პირების პასუხისგებაში მისაცემად.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის მიზანმიმართული მცდელობისა, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა. ზელენსკის ინფორმაციით, კიევისთვის ცნობილია რუსეთის რეგიონებში ძალით წაყვანილი 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვის მონაცემები, თუმცა რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მეტია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უკრაინელი ბავშვების და სხვა სამოქალაქო პირების დეპორტაციის შესახებ, სპეციალური მომხსენებლის, პაულო პისკოს ანგარიშს დაეფუძნა.

ასამბლეა რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას და მათ „რუსიფიკაციას“ გენოციდად განიხილავს და მოითხოვს ბავშვების დაბრუნებას და დამნაშავეთა დასჯას. 27 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ონლაინ მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ. მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს მიზანმიმართულად ართმევს ოჯახებს, სახელებს, ენას და ფესვებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ​საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი და გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG