Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა უარყო, რომ ქვეყანა ტოვებს საერთაშორისო შეთანხმებას, რომის სტატუტს და შესაბამისად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC). მას გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი და რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვთ.

აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერთა სამიტი, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი პუტინიც. მას სამიტში მონაწილეობის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

25 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა“, მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება, ზოგიერთ შემთხვევაში არასამართლიანი დამოკიდებულების გამო.

სააგენტო „ფრანს პრესის“ და გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, რამაფოსას ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება რომის სტატუტის ხელმომწერად.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 24 აპრილს განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ საერთაშორისო სამართლის "შერჩევითად გამოყენების" გამო, მისი იურისდიქციიდან შესაძლო გასვლის საკითხი. 25 აპრილს პარტიამ განაცხადა, რომ ამ განხილვამ შესაძლოა, შექმნა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG