Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ერთი დღე მისცეს სისხლის სამართლის საქმის 700 გვერდის წასაკითხად


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის - რომელიც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება - მხოლოდ ერთი დღე მისცეს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ახალი საქმის გასაცნობად. დოკუმენტები, რომლებიც მან უნდა წაიკითხოს, მოცულობით 700-მდე გვერდს უტოლდება, ამბობს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი.

მისი თქმით, კოლონიის დღის წესრიგში დრო დოკუმენტების გაცნობისთვის გამოყოფილი არ არის, მსჯავრდადებულმა დღეში 8 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს.

მანამდე ფონდი იუწყებოდა, რომ ნავალნის წინააღმდეგ მალე ახალი სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. მოსკოვის ბასმანის სასამართლო საქმის განხილვას 26 აპრილისთვის დაიწყებს. ნავალნის მომხრეების თქმით, ოპოზიციონერს, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივონ პატიმრობის ვადა.

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში 2021 წლის თებერვლიდანაა. მას შემდეგ ის ბევრჯერ ჩიოდა კოლონიაში არსებულ პირობებზე, რომლებსაც მისი ადვოკატები და მომხრეები "წამების ტოლფასს" უწოდებენ. ოპოზიციონერი ამბობდა, რომ აწამებენ უძილობით, არ აძლევენ სამედიცინო დახმარებას, მასთან საკანში განზრახ ასახლებენ სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრებს, რომლებიც პირად ჰიგიენას არ იცავენ, არ აძლევენ ახლობლებთან დაკავშირების უფლებას.

11 აპრილს ნავალნი მეცამეტედ გადაიყვანეს საგამოძიებო იზოლატორში, მიზეზის დაუკონკრეტებლად. წინა შემთხვევებში მიზეზებად, სხვა საკითხებს შორის, ასახელებდნენ გახსნილ ღილს და ღობის გარეცხვაზე უარს.

XS
SM
MD
LG