Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილმა მელიას მხარდამჭერები ბათუმის საკრებულოს ე.წ. სათადარიგო სიიდან ამოიღო


ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი
ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს პარტიული სიიდან ოთხი პოლიტიკოსი ამოიღო. ბათუმში ამ პარტიის წევრთა ნაწილის თქმით, ეს გადაწყვეტილება თავმჯდომარემ იმ მიზეზით მიიღო, რომ ეს პოლიტიკოსები ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან.

ხაბეიშვილის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პოლიტიკოსები პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. ამ საკითხზე ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილმა ბრიფინგი გამართა.

პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს ლევან ხაბეიშვილის წერილი და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლები, რომელთა მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სიიდან ამოიღეს ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე.

ე.წ. სათადარიგო სია განსაზღვრავს, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით რომელი პოლიტიკოსი დაიკავებს საკრებულოში თანამდებობას, თუ რომელიმე მოქმედი დეპუტატი იტყვის მანდატზე უარს. საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით ლაშა კილაბერიას, რომელიც ამ პარტიას წარმოადგენს საკრებულოში, მანდატს დაატოვებინებენ - პარტიულ სიაში ჩაწერილი პოლიტიკოსების ვინაობაზე საკითხი სწორედ ამ მიზეზით წამოიჭრა.

ბრიფინგი "ნაციონალურ მოძრაობაში"
ბრიფინგი "ნაციონალურ მოძრაობაში"

"ამ ადამიანებს მისცეს ხმა ბათუმელებმა თვითმმართველობის არჩევნებზე. ძალიან აქტიურობდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცვლის ბათუმელების ნებას... "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს“, - ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გიორგი კირთაძე. ნოდარ დუმბაძე კი აღნიშნავს, რომ უნდა დაიწყოს ლევან ხაბეიშვილის გადასაყენებლად საჭირო პროცედურები.

"ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი ე.წ. სათადარიგო სიიდან პოლიტიკოსების ამოღებას "ჩვეულებრივ პროცედურას" უწოდებს.

"ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა. ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება", - თქვა ბოტკოველმა.

ლევან ხაბეიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოთხოვნით, 2023 წლის იანვარში პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია დამარცხდა. ამ დღის შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს რიგები არაერთმა პოლიტიკოსმა დატოვა.

XS
SM
MD
LG