საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო საზღვარგარეთაც დააფინანსებს. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ 300-მდე პაციენტის მკურნალობისთვის 30 მლნ ლარამდე გამოიყოფა.
"ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიცაა თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება 100 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი... ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ ა.შ. მგზავრობის ხარჯებს...", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან დღესვე ისაუბრა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და მათ მშობლებს მიმართა.
"მინდა კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციურობის. ვინც არ არის ამ საქმეში ჩახედული, ისე წარმოაჩინეს "მიეცით წამალი ბავშვებს", თითქოს, წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია... ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებული", - თქვა ღარიბაშვილმა.