Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქეების დაკავება სცადეს


საილუსტრაციო ფოტო: საოკუპაცო ხაზი.
საილუსტრაციო ფოტო: საოკუპაცო ხაზი.

21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა. ცნობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია.

ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან",
- აცხადებს სუს-ი.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი; ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

განცხადების თანახმად, ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს ამ საკითხს 27 აპრილს ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს", - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ამჟამად ცხინვალის ციხეში იმყოფება საქართველოს 5 მოქალაქე. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლება 27 აპრილს ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განიხილავს.

XS
SM
MD
LG