Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს დიმიტრი მამაგულაშვილი


დიმიტრი მამაგულაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს
დიმიტრი მამაგულაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

დღეს, 21 აპრილს, ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მცხოვრები დიმიტრი მამაგულაშვილი. მისი უკანონო დაკავების თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 აპრილს გაავრცელა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, „2023 წლის 17 აპრილს ზნაურის რაიონის სოფელ ხუიმთაში რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე მამაგულაშვილი დიმიტრი, 1991 წელს დაბადებული, მცხოვრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ 20 აპრილს ზნაურის რაიონულმა სასამართლომ მამაგულაშვილი დამნაშავედ ცნო „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის და ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შემდეგ იგი გაძევებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან.“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა დიმიტრი მამაგულაშვილის გათავისუფლების ფაქტი.

მიმდინარე წლის 17 აპრილს მამაგულაშვილი, თანასოფლელებთან ერთად, სოფელ დვანის სამების ეკლესიასთან აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა. იგი სუფრიდან გავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მისი დაკავების შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი.

მავთულხლართები და ღობეები სალოცავიდან მოშორებით არის აღმართული, ამიტომ დვანელები ვარაუდობდნენ, რომ საოკუპაციო ძალები სოფლის ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებული.

მამაგულაშვილი უკვე გადაეცა ქართულ მხარეს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში რჩება საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლება 27 აპრილს ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განიხილავს.

XS
SM
MD
LG