Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კარგავს ტექნიკას, მაგრამ შეუძლია ხანგრძლივი ომის წარმოება - CSIS-ის ანგარიში


ხარკოვთან აფეთქებული რუსული ტანკი. 2023 წლის 22 თებერვალი
ხარკოვთან აფეთქებული რუსული ტანკი. 2023 წლის 22 თებერვალი

რუსეთი უკრაინაში, ბრძოლის ველზე, სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის იმ დროს, როდესაც სანქციების შედეგად იარაღის წარმოების შესაძლებლობები კრემლისთვის უკიდურესად შეზღუდულია, მაგრამ მას აქვს საკმარისი რეზერვები ომის გასაგრძელებლად. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანგარიშში.

რუსული სამხედრო მრეწველობა ახალი ტანკების მიწოდების არსებული დონით ვერ ახერხებს დანაკარგების ანაზღაურებას - რუსეთში ტანკების წამყვანი მწარმოებელი „ურალვაგონზავოდი“ თვეში 20 ტანკს აწარმოებს, ხოლო რუსეთი ბრძოლის ველზე საშუალოდ თვეში 150 ტანკს კარგავს. შედეგად, რუსეთი იძულებულია, მწყობრში დააბრუნოს ძველი მოდელის ტანკები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საცავებში ინახებოდა. მათ შორის არის ტანკი T-55, რომელიც, ანგარიშის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნეს რუსეთის იარაღის მკეთებლებმა.

რუსეთმა ასევე დაკარგა წვდომა მნიშვნელოვან მარაგნაწილებზე და მაკომპლექტებლებზე, რომელთა იმპორტიც საფრანგეთიდან და აშშ-იდან ხორციელდებოდა. ჩინური და ინდონეზიური ანალოგები, რომლებიც რუსეთისათვის კვლავ ხელმისაწვდომია, უფრო დაბალი ხარისხისაა. რუსეთი დიდ სირთულეებს განიცდის თვითმფრინავების, რაკეტებისა და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის წარმოებასთან დაკავშირებით, ნახევარგამტარების დეფიციტის გამო, რომელთა ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებმა აკრძალეს.

ამავე დროს, რუსეთი, თავისი რეზერვების წყალობით, სამხედრო აღჭურვილობით კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან უპირატესობას უკრაინაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს თხუთმეტჯერადი უპირატესობა აქვს უკრაინაზე თვითმფრინავების, შვიდჯერადი - ტანკების და ოთხჯერადი - ქვეითთა საბრძოლო მანქანების მხრივ.

XS
SM
MD
LG