Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ფრაზა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში მისი ჩასვლის თარიღი ერთმანეთს არ ემთხვევა


კრემლის თანახმად, პრეზიდენტი პუტინი 17 აპრილს იმყოფებოდა ხერსონის ოლქში, სადაც სამხედრო დაჯგუფების, „დნეპრის“ შტაბში ანგარიშები მოისმინა გენერლების, ტეპლინსკის(მარცხნივ) და მაკარევიჩისგან
კრემლის თანახმად, პრეზიდენტი პუტინი 17 აპრილს იმყოფებოდა ხერსონის ოლქში, სადაც სამხედრო დაჯგუფების, „დნეპრის“ შტაბში ანგარიშები მოისმინა გენერლების, ტეპლინსკის(მარცხნივ) და მაკარევიჩისგან

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ ვლადიმირ პუტინი ლუგანსკის და ხერსონის ოლქებში გუშინ, 17 აპრილს, დღისით იმყოფებოდა. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემების ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ კრემლის და მის მიერ კონტროლირებული ტელეარხების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, ასახავს ხერსონის და ლუგანსკის ოლქებში სამხედროებთან პუტინის შეხვედრებს და მათთვის საჩუქრად ხატის გადაცემას, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს წინადადებას: "Сейчас вот Пасха будет, да?!" (ახლა, აი, აღდგომა იქნება, ხო?!).

რუსეთში აღდგომა 16 აპრილს აღნიშნეს, ამიტომ, ჟურნალისტების და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ვიდეოკადრები ჯერ კიდევ აღდგომამდეა ჩაწერილი. ვიდეომასალის იმ ვარიანტში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე ახლა დევს, პუტინის მიერ ნათქვამი ფრაზიდან ამოღებულია სიტყვა „იქნება“.

დღეს დილით, კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი ხერსონის ოლქში, სამხედრო დაჯგუფება „დნეპრის“ შტაბში იმყოფებოდა. მოგვიანებით, ამ ინფორმაციას დაემატა ცნობაც ლუგანსკის ოლქში პუტინის ჩასვლის შესახებ და წინადადება, რომ „სახელმწიფოს მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად გადასცა ხატების ასლები“. კრემლის ოფიციალური ინფორმაციიდან გაურკვეველი იყო, როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG