რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ უკრაინაში „შემოწმებული“ რუსული ჯარების „მოწინავე პოზიციები“ ფრონტის ხაზიდან, სავარაუდოდ, 80 კილომეტრითაა დაშორებული.
18 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გენერალმა შოიგუმ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ რაიონებში მყოფი სამხედრო დაჯგუფებების ინსპექტირება ჩაატარა, ვერტმფრენიდან დაათვალიერა დისლოკაციის რაიონები და რუსული ქვედანაყოფების მოწინავე პოზიციები შეამოწმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ შოიგუ ვერტმფრენის ილუმინატორიდან სანგრებს ათვალიერებს. ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა(@GlasnostGone) და პროექტმა GeoConfirmed გამოიკვლიეს, რომ ადგილი, რომელსაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გადაუფრინა, მდებარეობს ყირიმში და ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 80 კილომეტრითაა დაშორებული.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი უკრაინის ის ტერიტორიაა, სადაც არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. ყველაზე ცხელ წერტილად უკრაინის აღმოსავლეთი რჩება.