რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა ლუგანსკის ოლქში, სადაც ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის შტაბში მოისმინა ამ მიმართულების ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინის და სხვა მეთაურების ანგარიშები.
დღეს დილით, ადგილობრივი დროით 07:15 საათზე, კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი ხერსონის ოლქში, სამხედრო დაჯგუფება „დნეპრის“ შტაბში იმყოფებოდა. მოგვიანებით, სწორედ ამ ინფორმაციას დაემატა ცნობაც ლუგანსკის ოლქში პუტინის ჩასვლის შესახებ და წინადადება, რომ „სახელმწიფოს მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად გადასცა ხატების ასლები“.
კრემლის ოფიციალური ინფორმაციიდან გაურკვეველია, როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კრემლის საიტზე ლუგანსკის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლით შევსებულ ინფორმაციას დაემატა ვიდეოკადრებიც, რომელთა თანახმად, დღისით პუტინი მინდორში ჩამოდის ვერტმფრენიდან მი-8. შემდეგნაჩვენებია ავტომანქანების კორტეჟი ხერსონის ოლქის ქალაქ გენიჩესკის შესასვლელთან, რომელზეც რუსეთის დროშაა აღმართული. კრემლს გენიჩესკი ხერსონის ოკუპირებული ნაწილის ცენტრად აქვს გამოცხადებული. ვიდეოკადრებში ასევე, ჩანს, რომ ერთ-ერთ შენობასთან „ჯიპიდან“ გადმოსულ პუტინს ესალმება დაჯგუფება „დნეპრის“ მეთაური ოლეგ მაკარევიჩი. შემდეგ ნაჩვენებია სამხედროებთან პუტინის შეხვედრები ორ სხვადასხვა შენობაში.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.