Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7: უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარება ყველას ძვირად დაუჯდება


G7-ის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იაპონიაში
G7-ის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იაპონიაში

G7-ის(დიდი შვიდეულის) წევრი სახელმწიფოები მკაცრ ზომებს მიიღებენ მათ მიმართ, ვინც რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. აშშ-ის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16-17 აპრილს იაპონიაში გაიმართა.

G7-ის განცხადებით, რუსეთისთვის იარაღით დახმარება და სანქციებისთვის თავის არიდების ხელშეწყობა ყველას ძვირად დაუჯდება. მინისტრებმა დაადასტურეს, რომ მათი სახელმწიფოების მიერ გაყინული რუსული აქტივები ამ მდგომარეობაში დარჩება, სანამ არ გადაწყდება უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებული კონფლიქტი.

G7-ის სახელმწიფოები განაგრძობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და მათ დაცვას გააკონტროლებენ, მიმართავენ კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა აღიკვეთოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება და გამოიყენებენ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს რუსული აგრესიის დაფინანსებას.

მინისტრებმა მიუღებელი უწოდეს რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას და განზრახვას, ბელარუსში განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში საუბარია ტაივანისთვის ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეზეც. მინისტრებმა პეკინს მოუწოდეს, იმოქმედოს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანმა წევრმა.

XS
SM
MD
LG