Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება "სისხლიან მაროდიორსა" და "ბინძურ მატყუარას" შორის - რა ხდება სუდანში?


შავ კვამლში გახვეული ხართუმის აეროდრომი საავიაციო იერიშის შემდეგ. საარქივო ფოტო
შავ კვამლში გახვეული ხართუმის აეროდრომი საავიაციო იერიშის შემდეგ. საარქივო ფოტო

სუდანში ღია სამოქალაქო ომში გადაიზარდა დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ლიდერებს, გენერალ აბდელ ფატახ ალ-ბურჰანსა და გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის, რომლებიც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ.

ბრძოლები სუდანის მთელ ტერიტორიას მოედო, მათ შორის ისტორიულად მრავალტანჯულ რეგიონებს - დარფურსა და სამხრეთ კორდოფანს.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, შეტაკებების მესამე დღის დაწყებამდე უკვე დაღუპული იყო, სულ მცირე 100 ადამიანი, დაჭრილია 1000-ზე მეტი.

ვინ გაიმარჯვებს გენერლების დაპირისპირებაში, ჯერჯერობით გაურკვეველია. ბუნდოვანია ისიც, აქვს თუ არა ამ ყველაფერთან კავშირი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, რომლის არსებობასაც სუდანში თავად კრემლიც არ უარყოფს.

დღეისთვის სუდანი დე ფაქტო სამხედრო დიქტატურაა, თუმცა ფორმალურად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში გარდამავალი სუვერენული საბჭო და გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურჰანი უდგას.

სისხლიანი მაროდიორი და ბინძური მატყუარა

2019 წლის 11 აპრილიდან, როდესაც აფრიკის ტერიტორიის სიდიდით მესამე სახელმწიფოში სისხლიანი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს საძულველ დიქტატორად მიჩნეული ომარ ალ-ბაშირი, სუდანს უწყვეტად მართავენ სამხედროები.

გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურჰანი.
გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურჰანი.

წლინახევრის წინ, მორიგი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ორმა ყველაზე გავლენიანმა სამხედრო მმართველმა - აბდელა ფატახ ალ-ბურჰანმა და მისმა მოადგილემ, სწრაფი რეაგირების ძალების (სრძ) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, მუჰამედ ჰამდან დაგალომ, ძალაუფლება ერთობლივად იგდეს ხელთ. ახლა ისინი ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ებრძვიან.

სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურჰანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ მზად იყო „სწრაფი რეაგირების ძალებთან“ მოლაპარაკებებისთვის, თუ ისინი დაყრიდნენ იარაღს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიყვანდა სამხედრო ძალებს სუდანის დედაქალაქში, ხართუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მოლაპარაკებები არ შედგა. მთავარსარდალმა ყოფილ მოადგილეს „სისხლიანი მაროდიორი“, „სწრაფი რეაგირების ძალების“ ხელმძღვანელმა, გენერალმა მუჰამედ ჰამდან დაგალომ კი ალ-ბურჰანს „ბინძური მატყუარა და დამნაშავე" უწოდა. დაგალომ პირობა დადო, რომ ალ-ბურჰანი ან მართლმსაჯულებას გადაეცემა, ან „მოკვდება, როგორც ძაღლი“.

გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგალო
გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგალო

გენერალ აბდელ ფატახ ალ-ბურჰანს არაერთ დანაშაული ედება ბრალად, მათ შორის, 2019 წლის ზაფხულში საპროტესტო აქციის სისხლიანი ჩახშობა, რასაც „ხართუმის ხოცვა-ჟლეტა“ ეწოდა და რაც სწორედ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალების“ საშუალებით განხორციელდა.

დაგალოს „სწრაფი რეაგირების ძალები“ 100 000-იანი გასამხედროებული ფორმირებაა, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს.

ყოფილ მოკავშირეებს შორის ბრძოლა 15 აპრილის დილით დაიწყო, როდესაც „სწრაფი რეაგირების ძალების“ მებრძოლები თავს დაესხნენ რამდენიმე არმიის ბაზას ხართუმსა და მის გარეუბნებში. შემდეგ შეტაკებები დაიწყო დიდ ქალაქებში - ჯაბრაში, გაფურსა და შამბათში.

მუჰამედ ჰამდან დაგალო ამბობს, რომ მისი ძალები მზად არიან იომონ იმ დრომდე, სანამ არ აიღებენ რეგულარული არმიის ყველა ბაზას.

სრძ-ის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ დაიკავეს მეროვეს აეროპორტი და უახლოესი სამხედრო ბაზა, ხართუმის აეროპორტი და სობას ბაზა, რაც „მძიმე ზარალს აყენებს შეიარაღებულ ძალებს“.

მოგვიანებით კი, მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მათ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე და ალ-აბეიდის აეროპორტი, თუმცა გენერალ ალ-ბურჰანის წარმომადგენლები ამას უარყოფდნენ.

რუსული იარაღი, პრიგოჟინი და „ვაგნერის“ მისია სუდანში

ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვი შესამჩნევ როლს თამაშობდა სუდანის საშინაო საქმეებში. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემით, რუსეთის ფედერაცია იყო და რჩება სუდანის იარაღის ძირითად მიმწოდებელ ქვეყნად. სუდანის არმიის შეიარაღებაში რუსეთის სამხედრო ტექნიკის ხვედრითი წილი 87%-ს შეადგენს (კიდევ 8% - ჩინური წარმოების სამხედრო ტექნიკას უჭირავს). ჯერ კიდევ ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დროს, სუდანი გახდა ერთ-ერთი, იმ თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ყირიმის ანექსია ცნეს.

მრავალ საინფორმაციო საშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებას, არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება სუდანში კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პროგოჟინის მიერ დაფინანსებული კერძო სტრუქტურების საქმიანობაზე. თავად პრიგოჟინი 2014-2016 წლებში არაერთგზის მონაწილეობდა სუდანისა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსეთის უმაღლესი დონის მოხელეების შეხვედრაში. რამდენიმე წლის წინ პრიგოჟინი სუდანის მთავრობას შეუთანხმდა მისი კომპანია „ემ-ინვესტის“ მიერ ოქროს საბადოების გადამუშავების შესახებ, ხოლო თავად საბადოები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს უნდა დაეცვათ.

გარდა ამისა, რუსი დაქირავებული მებრძოლები, რომელთა სუდანში არსებობასაც ამჟამად კრემლიც არ უარყოფს, სამხედრო ინსტრუქტორებად მუშაობენ. ისინი წვრთნიდნენ სუდანის სპეცდანიშნულების ძალებს მასობრივი ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად. დასავლეთის სამხედრო უწყებების ცნობით, ამჟამად „ვაგნერის“ დაჯგუფება სუდანში (ისევე როგორც სხვა აფრიკულ სახელმწიფოებში) ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციითაა დაკავებული, უკრაინაში მიმდინარე ომის დასაფინანსებლად. ამ ინფორმაციას მოსკოვი უარყოფს.

დასავლეთის სადაზვერვო უწყებებისა და მედიის ცნობით, პრიგოჟინის შემოსავლების ერთ-ერთი წყაროა სუდანში აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ფირმა Meroe Gold-ი, „მ-ინვესტის“ შვილობილი კომპანია, რომელიც იქ ოქროს მოიპოვებს. ყოველწლიურად, სუდანში მოპოვებული ოქროს მარაგი, 100 ტონას აღწევს.

პრიგოჟინის კომპანია იარაღის აწვდის სუდანის არმიას, და ასევე წვრთნის არმიას და პროსახელისუფლებო ფორმირებებს, პირველ ყოვლისა, გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგალოს „სწრაფი რეაგირების ძალებს“, რომელიც ახლა სამხედრო ხუნტის მეთაურის, ალ-ბურჰანის წინააღმდეგ იბრძვის.

სუდანის მმართველობაში მყოფ სარდლებს შორის, ყველაზე ხშირად, მუჰამედ ჰამდან დაგალო სტუმრობდა რუსეთს და აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას წითელ ზღვაზე. ასეთი ბაზის მშენებლობაზე, მის დამხობამდე ცოტა ხნის ადრე, 2019 წელს თანახმა იყო სუდანის ყოფილი დიქტატორი, ომარ ალ-ბაშირიც. ალ-ბაშირის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიუხედავად, მოსკოვსა და ხართუმს შორის სამხედრო ბაზის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდა და, საბოლოო ჯამში, თებერვლის შუა რიცხვებში, აფრიკაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს, შეთანხმდა.

რუსეთსა და სუდანს შორის ეს შეთანხმება 25 წლით დაიდო მოქმედების ვადის ათი წლით გაგრძელების შესაძლებლობით. რუსეთს ამ შეთანხმებით, ნავსადგურის საშუალებით სწრაფი წვდომა ექნება ინდოეთის ოკეანეში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG