Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადა


პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა. მისი აზრით, ვიზიტმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც ის აშშ-ში წასვლას აღარ აპირებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც", - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე მოსამართლემ.

ბადრი კოჭლამაზაშვილი არის პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლე. ის განიხილავს ე.წ. პიჯაკების საქმეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს „დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის ჯგუფურად გაფლანგვას" ედავებიან.

კოჭლამაზაშვილი უკვე მეოთხე მოსამართლეა, რომელმაც მას შემდეგ თქვა უარი აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთი ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.

იუსტიციის საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა 13 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვეს მოსამართლეებმა ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა. გვრიტიშვილმა კოლეგების ეს ნაბიჯი „სოლიდარობის ერთგვარ აქტად" შეაფასა.

12 აპრილს აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა ცნობა, რომ 10 ქართველი მოსამართლე, საქართველოს შვიდი სხვადასხვა სასამართლოდან, აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. USAID-თან პარტნიორობით მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG