Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 10 მოსამართლე აშშ-ში USAID-ის პროგრამით ჩავიდა


ქართველი მოსამართლეები აშშ-ში
ქართველი მოსამართლეები აშშ-ში

10 ქართველი მოსამართლე, საქართველოს შვიდი სხვადასხვა სასამართლოდან, აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. USAID-თან პარტნიორობით მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ინფორმაციას ამ ვიზიტის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მოსამართლეები აშშ-ში 27 მარტს ჩავიდნენ და 6 აპრილს დაბრუნდნენ. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოდან გაემგზავრნენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, საგარეჯოსა და ახალციხის საქალაქო სასამართლოებისა და ასევე თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები.

"​შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ში წასვლის სურვილი გამოთქვა 60-მა მოქმედმა მოსამართლემ, შერჩევა კონკურენტული იყო.

"გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან", - აღნიშნავს საელჩო.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

XS
SM
MD
LG