Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ


პარლამენტის პლენარული სხდომა
პარლამენტის პლენარული სხდომა

ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ, ხვალ, 11 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, რათა დღის წესრიგში დადგეს სასამართლო სისტემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ ამ მოთხოვნას ამ ეტაპზე 46 დეპუტატი აწერს ხელს.

დეპუტატების განცხადებით, სხდომის ჩანიშვნის შემთხვევაში, დღის წესრიგში იქნება ერთადერთი საკითხი - "რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიციირებული დადგენილების პროექტის მიღება და კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. იგი ეხება სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"რიგგარეშე სხდომას ვიწვევთ იმისათვის, რომ გავაშიშვლოთ ის მანკიერი მდგომარეობა, რაც სასამართლო სისტემაშია, ის გუნდური მუშაობა დემოკრატიის წინაშე, რასაც ეწევიან მოსამართლეები და სანქცირების შემდეგაც აგრძელებენ", - თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.

დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია გამოიძიებს არა მხოლოდ 4 სანქცირებული მოსამართლის საქმიანობას, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტის 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი 6 აპრილს დააყენეს.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG