Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი სირსკი: რუსეთი ბახმუტში გადავიდა ე.წ. სირიულ ტაქტიკაზე


საილუსტრაციო ფოტო. ქალაქი ბახმუტი
საილუსტრაციო ფოტო. ქალაქი ბახმუტი

უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტის დაცვა გრძელდება, სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლდება.

უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების მედიაცენტრის მიერ დღეს, 10 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 9 აპრილს, გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი იმყოფებოდა ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ყველაზე "ცხელ მონაკვეთებზე". მედიაცენტრის თანახმად, სირსკიმ მეთაურებისგან მიიღო ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის და დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ და ადგილზევე მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილებები.

ოლექსანდრ სირსკი შეხვდა ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი სახმელეთო და სადესანტო-მოიერიშე ძალების და ტერიტორიული თავდაცვის პირად შემადგენლობასაც. გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის განცხადებით, უკრაინელმა მეომრებმა „ვაგნერელები“ გამოფიტეს, ამიტომ რუსეთი იძულებული გახდა ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩაერთო სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფები და სპეცრაზმები და ამჟამად ორივე მხრიდან სასტიკი ბრძოლებია. სირსკის თანახმად, მოწინააღმდეგე გადავიდა „გამომწვარი მიწის“ ე.წ. სირიულ ტაქტიკაზე და ბახმუტში შენობებს ანადგურებს საარტილერიო ცეცხლით და საჰაერო დარტყმებით.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG