პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან ხელისუფლებას მოთხოვნები ჩამოუთვალა და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ხაბეიშვილის თქმით, პირველი მოთხოვნა 7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილების" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა. შემდეგი მოთხოვნებია აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის ნაწილში და სასამართლო რეფორმა.
"[მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება] არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე, როცა ვხედავთ, როგორ კლავენ მესამე პრეზიდენტს წამებით და ამასობაში ყველა მოგვიწოდებს, რომ პრეზიდენტის მწამებლებს და მკვლელებს არ გელოდებით ევროკავშირში. კიდევ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მიშა სააკაშვილის თავისუფლება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსები მიმართავენ. აქციის სლოგანია "ერთად ევროპაში".